May 20, 2010

შენგენის ვიზა - ზოგადი მიმოხილვა

რა არის შენგენის ვიზა ალბათ ყველამ ვიცით. 1985 წელს მიღებული შესანიშნავი ხელშეკრულება, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნებს ერთ მთლიან ერთეულად. რომელიც გვაძლევს საშუალებას, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ვიმოგზაუროთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ერთ საღამოს ლუდი დავლიოთ ბერლინის პაბში, ხოლო მეორე დღეს პიცა მივირთვათ მილანის რომელიმე ბისტროში.

დღეს შენგენი მოიცავს 25 ქვეყანას. ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე გადასვლით. ამბობდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნების ვიზებს გამარტივებული წესით რამდენიმე თვეში მიიღებენ. რეალურად რა მოხდა? მოხდა ის, რომ შენგენის მისაღებად შესავსები აპლიკაციის ფორმა "გამარტივდა". მისგან ამოიღეს გრაფები, სადაც იწერებოდა აპლიკანტის მშობლების, მეუღლისა და შვილების მონაცემები. (ისე, ცნობისთვის, ამერიკის ვიზის მისაღებად ადრე საჭირო იყო ორი ონლაინ ფორმის შევსება. ახლა კი მხოლოდ ერთით კმაყოფილდებიან).

მინდა აქვე ავღნიშნო, რომ მე საუბარი მაქვს კონკრეტულად მოკლევადიან, ტურისტულ ვიზებზე, არასაიმიგრაციო ტიპის ვიზებზე. სტუდენტური თუ მკურნალობის მიზეზით მისაღები ვიზები, სულ სხვა კატეგორიაა და სხვა საბუთები მოითხოვება. ამ თემას მომავალშიც დავუთმობ დროს. ამ ჯერზე კი მხოლოდ ტურისტული მიზნით გამგზავრების მსურველთათვის შემოგთავაზებთ შენგენის ვიზის მიღებისათვის საჭირო ინფორმაციას.


თუ თქვენ გეგმავთ დაათვალიეროთ გაუდის მუზეუმი თუ კოლიზეუმი, ან გადმოაფურთხოთ ეიფელის კოშკიდან, თქვენ აუცილებლად ჯერ უნდა მიიღოთ შენგენის ვიზა:



სტანდარტულად ყველა საელჩო ითხოვს შემდეგ საბუთებს:


  • სააპლიაკციო ფორმა შევსებული გამართული კალიგრაფიით. ზოგიც ონლაინ. რა თქმა უნდა, ყველა მონაცემი უნდა იყოს ჭეშმარიტი და ინფორმაცია სწორი.

ზოგი საელჩო ითხოვს თითო შევსებულ აპლიკაციას - საფრანგეთი, ჩეხეთი. ზოგიც ორს - გერმანია.

საელჩოში წარსადგენ აუცილებელ საბუთებშია ასევე

  • ავია ბილეთის ჯავშანი - თუ როდის გეგმავთ გადაფრენა-გადმოფრენას. 
  • სასტუმროს ჯავშანი - სადაც მითითებულია სასტუმრო, რომელშიც გაჩერდებით, თქვენი სახელი, გვარი, პერიოდი.  
  • დაზღვევა იმ პერიოდზე, რა დროითაც მიდიხართ.

ასევე,

  • სამსახურიდან ცნობა - ხელფასისა და თანამდებობის მითითებით (რა თქმა უნდა, ბლანკზე, ბეჭდით, ხელმოწერით). მოსწავლე/სტუდენტის შემთხვევაში, ცნობა სასწავლებლიდან, სკოლა იქნება ეს თუ უმაღლესი სასწვალებელი.
დამატებით,

  • ფინანსური გარანტია - ნიშნავს, რომ თქვენ უნდა აჩვენოთ თუ რა თანხებს ფლობთ ამ მოგზაურობისათვის - საბანკო ამონაწერი ხშირ შემთხვევაში მოითხოვება ბოლო 3-5 თვის ბრუნვით. იქნება ეს სახელფასო ბარათიდან ამონაწერი, ანაბრიდან თუ მიმდინარე ანგარიშიდან.


საბუთების შეტანამდე აუცილებელია საელჩოში ჩაწერა, რაც სპეციალურ ნომერზე დარეკვით ხდება. თითოეულ საელჩოს თავისი ნომერი აქვს, რომელიც ძირითადად იწყება 890 007 ***. ზარისა და ერთი ადამიანის გასაუბრებაზე ჩაწერის საფასურია 2 ან 3 ლარი. ჩაწერისას გჭირდებათ თქვენი სახელისა და გვარის, ასევე პასპორტის ნომრის კარნახი. საელჩოში გასაუბრებაზე ჩასაწერად სასურველია დარეკოთ გამგზავრებამდე სადღაც 5-3 კვირთ ადრე.

სავიზო განაცხადის განხილვა და პასუხის გაცემა საშუალოდ 4 - 7 სამუშაო დღეში ხდება. ოფიციალური სავიზო გადასახი ბევრ საელჩოში 60 ევროს ექვივალენტია ლარში. (ჩეხეთი ევროში იღებს).

ეს არის ძალიან ზოგადი მიმოხილვა იმ საბუთებისა, რასაც შენგენში შემავალი ქვეყნების საელჩოები ითხოვენ. არის ბევრი ნიუანსი თუ წვრილმანი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული საბუთების მომზადებისას. ასევე, საელჩოს "კლიაოზნიკობის" მხედველობაში მიღებაც აუცილებელია.

პოსტის წერისას მახსენდებოდა ბევრი წვრილმანი, რომლებსაც უნდა შეეხო კონკრეტული საელჩოების ხასიათიდან გამომდინარე. მაგრამ პოსტი ძალიან მოსაწყენი და დიდი გამოვიდოდა. მომავალში აუცილებლად შევეხები ამ თემას უფრო დეტალურად.



თქვენ რომელი ქვეყნის ვიზა აგიღიათ?
და რამდენად მარტვი იყო თქვენთვის მისი მიღება?

შემიძლია შემოგთავაზოთ ერთი წინადადება. ვისაც კონკრეტულ ქვეყანაში გაინტერესებთ მოგზაურობა და სავიზო საკითხები, და ვინც პირველი დაწერთ ამის შესახებ კომენტარებში, მომდევნო პოსტს თქვენთვის სასურველი ქვეყნის ირგვლივ დავწერ. როგორც ვიზის მიღება, ასევე დანახარჯების სავარაუდო ნუსხა, თუ რა დაჯდება მოგზაურობა. ყოველ შემთხვევაში შევეცდები ყველანაირად ამომწურავი პასუხი გაგცეთ თქვენთვის საინტერესო საკითხზე.

UPDATE:  მინდა ავღნიშნო, რომ ყველა საბუთი, რომელსაც საელჩოში წარსადგენად მოამზადებთ,  უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტი იქნება ნათარგმნი, ის აუცილებლად უნდა დამოწმდეს ნოტარიალურად.
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...